ახალგაზრდული ფორუმის აქტივობები

თარიღი: .

კასპელი ახალგაზრდები აგრძელებენ აქტივობების განხორციელებას ახალგაზრდულ ფორუმზე ინიცირებული პროექტის „ჩვენ ვქმნით, ჩვენ ვაშენებთ“ ფარგლებში, რომლის მიზანია კასპის მოსწავლე-ახალგაზრდებში საარჩევნო უფლებისა და პასუხისმგებლობების გააზრება.

2022 წლის 16 ოქტომბერს, სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნიპარიშვილი შეხვდა ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებს კასპის ტექნოპარკში და ესაუბრა არჩევნებში მონაწილეობის უფლებასა და პასუხისმგებლობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ნახეს თემატური ფილმი არჩევნების ჩატარების წესებზე, გაეცნენ საარჩევნო უბნის, ოთახის მოწყობის, მარკირების, ბიულეტინის შევსებისა და ოქმების მომზადების წესებს, დამკვირვებლების ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს.

ხაშურელი ახალგაზრდები კი პროექტის „მოხალისეობის მოძრავი ბანაკი“ ფარგლებში, ხაშურის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრნენ. პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა, ბატონმა მორის დანდურიშვილმა მხიარული და საინტერესო აქტივობებით დატვირთული ტრენინგი ჩაატარა მოხალისეობრივ საწყისებზე და მოხალისეობის შესახებ.  პროექტი  მოხალისეობის და სამოქალაქო ჩართულობის იდეის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და ემსახურება ხაშურის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციებზე  მრავალფეროვანი აქტივობების  (დებატი, დისკუსია, შეხვედრა საინტერესო სტუმარებთან, გასვლითი ვიზიტი) განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზრდამ აიმაღლოს ცნობიერება  მოხალისეობის და მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობის  შესახებ.  

გორელმა ახალგაზრდებმა ახალგაზრდულ ფორუმზე ინიცირებული პროექტის „ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა მუნიციპალურ სერვისებში“ ფარგლებში ჩაატარეს გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები გორის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის: სკრა, ხიდისთავი, ქვახვრელი, კარალეთის უფლისციხე სკოლებში. საინფორმაციო შეხვედრების მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმსა და მოხალისეობაზე სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში მოტივაციის გაძლიერება, რათა მათ თავად მოიფიქრონ და განახორციელონ მოხალისეობრივი აქტივობები საკუთარ თემში.ახალგაზრდული იდეების რეალურად განსახორციელებლად ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებმა დაგეგმეს განმეორებით ვიზიტები აღნიშნულ სკოლებში, რომლის შემდეგაც გამოცხადდება კონკურსი მოხალისეობრივ ჩართულობასა და სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებით.

ღონისძიებები განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის საქმიანობას წარმართავს „საზოგადოება ბილიკი“.