მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები „საზოგადოება ბილიკს“ ესტუმრნენ

თარიღი: .

2022 წლის 28 ივნისს, „საზოგადოება ბილიკს“ მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები: სკოტ ბიელი, გლობალური ოპერაციების დირექტორი; სარა დიჩი, მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი; ჯეფრი გოვეია, საქართველოში მშვიდობის კორპუსის დირექტორი; რენე რორსი, პროგრამებისა და ტრენინგის დირექტორი და თიკა რევიშვილი - პროგრამის კოორდინატორი ესტუმრნენ.

ასოციაციის თავმჯდომარე მარინე მღებრიშვილმა სტუმრებს „საზოგადოება ბილიკის“ საქმიანობა გააცნო, შემდეგ სტუმრებმა მშვიდობის კორპუსის მოხალისეების საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს და ისაუბრეს „საზოგადოება ბილიკისა“ და მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მრავალწლიან თანამშრომლობაზე.

„საზოგადოება ბილიკის“ თანამშრომლებმა მადლიერება გამოხატეს მოხალისეების მიერ გაწეული წვლილისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და დიდი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის მონაწილეებმა კონკრეტული თანამშრომლობის შედეგებზეც ისაუბრეს - ფეთი ვოლზმა ორგანიზაციულ განვითარებასა და კომუნიკაციის გეგმის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, ხელგარჯილობის სტუდიაში რეიჩელ გოლდბერგმა კლუბი ჩამოაყალიბა, სადაც დღის ცენტრის ბენეფიციარები მეორად მასალებს იყენებენ და ახალ ნივთებს ქმნიან. მოხალისე რეიჩელ ბიერმა დღის ცენტრში საინტერესო და საჭირო ტრენინგები ჩაატარა თემაზე - „თამაში როგოც ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის საშუალება“, ხოლო სარა პაიპ მაზომ კულინარიის კლასი ჩამოაყალიბა.

„სარას დაწყებული საქმე მართლა სტიმული იყო ჩემთვის მყოლოდა მოსწავლეები და მათთვის გადამეცა ჩემი ცოდნა კულინარიაში, ეს იყო ბიძგი რაღაც ახლის დასაწყებად, რამაც ბევრ ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა ძალები მოესინჯათ ამ სფეროში“ - განაცხადა კულინარიის კლასის მონაწილე ლიკა ინდუაშვილმა.

„საზოგადოება ბილიკი“ მშვიდობის კორპუსთან 2006 წლიდან ნაყოფიერად თანამშრომლობს.