ისტორია

თარიღი: .

„საზოგადოება ბილიკი” საქართველოში უკიდურესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დროს, 1997 წელს დაარსდა. ორგანიზაციამ მიზნად დაისახა დახმარება გაეწია და ჯანსაღი ცხოვრებისაკენ მოებრუნებინა ღარიბი, დევნილი ოჯახის შვილები და ის ბავშვები, რომლებიც ცხოვრების პირობების გამო იძულებულნი არიან დროის დიდი ნაწილი ოჯახის, სასწავლო დაწესებულებების გარეთ - ქუჩაში გაატარონ, ან ამ რისკის ქვეშ იმყოფებიან.

საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე წლებში გარდა სხვადასხავა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებისა, პარალელურად დაიწო ადგილობრივმა არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორმა განვითარება.

 ასევე იყო „საზოგადოება ბილიკის” შემთხვევაშიც, ორგანიზაციის შექმნის ინიციატივა წამოვიდა საფრანგეთის სახალხო დახმარების პროექტის შეწყვეტის შემდეგ. მანამდე კი, 1995-1996 წლებში, დღეს უკვე „ბილიკის” დამფუძნებლები ამავე პროექტის ფარგლებში ხვდებოდნენ გორის ქუჩებში მოხეტიალე და მოვაჭრე  ბავშვებს და მათ მშობლებს. დაიბადა იდეა, არ შეწყვეტილიყო და კვლავ გაგრძელებულიყო რისკის ზღვარზე მყოფი ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერა.

 „ჩვენ კარგად გვქონდა გააზრებული, რომ გზა ქუჩიდან საზოგადოებისაკენ საკმაოდ ვიწრო და რთული იქნებოდა, ამავე დროს ეს გზა არის იმედის, რომელიც ბავშვთა გულებისკენ მიდის. სწორედ ამიტომ დაერქვა ჩვენს ორგანიზაციას „ბილიკი” დევიზით - ვეძიოთ ბავშვთა გულებისკენ სავალი გზები”.

რა თქმა უნდა რეალურ ცხოვრებაში მათთან ურთიერთობის დამყარება, ნდობის მოპოვება საკმაოდ რთული იყო. ჩვენი თავდაპირველი სურვილი იყო მიგვეცა ამ ბავშვებისთვის საკვები, ტანსაცმელი და გვესწავლებინა ელემენტარული წერა-კითხვა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ (ქუჩა, სახლი) არასასურველ გავლენას ახდენდა მათ ფსიქიკაზე. ამიტომ ორგანიზაციაში ეტაპობრივად ჩამოყალიბდა და განვითარდა სხვადასხვა სამსახურები, სადაც დღეს უკვე ნებისმიერ ბავშვს ეწევა საგანმანათლებლო, პროფესიული, სოციალური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება. ამასთან,  „საზოგადოება ბილიკმა“ მოიცვა ყველა ის სფერო, რომელთანაც ბავშვს უწევს შეხება – ეს არის ოჯახი, საზოგადოება და სკოლა.