ელჩი კელი დეგნანი სტუმრად „საზოგადოება ბილიკში“
2022 წლის 5 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს 30 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, „საზოგადოება ბილიკს“ ესტუმრა.
ელჩი „საზოგადოება ბილიკის“ პროგრამებს გაეცნო, დაათვალიერა ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა, მიიღო ინფორმაცია „საზოგადოება ბილიკისა“ და მშვიდობის კორპუსის თანამშრომლობის შესახებ. ასოციაციის თავმჯდომარე მარინე მღებრიშვილმა ელჩთან განიხილა ორგანიზაციის ამჟამინდელი პრიორიტეტები და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. ამერიკის ელჩს ასევე შეხვდნენ ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის მასწავლებლები და სტუდენტები, რომლებმაც ისაუბრეს ამერიკელი მოხალისეების როლზე და მათ განხორციელებულ აქტივობებზე პროგრამის ფარგლებში.
კელი დეგნანმა დაათვალიერა ორგანიზაციაში არსებული ხელგარჯილობის სტუდია, პედაგოგთან და მოსწავლესთან ერთად კი მონაწილეობა მიიღო ხელნაკეთი თოჯინას დამზადებაში. მარინე მღებრიშვილმა, ორგანიზაციის სახელით ელჩს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრის დასასრულს კი „საზოგადოება ბილიკის“ წარმომადგენლებმა ელჩთან სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. „საზოგადოება ბილიკი“ მადლობას უხდის მშვიდობის კორპუსს, მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და შეხვედრის მხარდაჭერისთვის.