აქტივობები ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში

თარიღი: .

ოქტომბრის თვეში რამდენიმე აქტივობა განხორციელდა „საზოგადოება ბილიკის“ ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში.

„საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრ „სხივის“ ფსიქოლოგმა ლაშა ჯაშაშვილმა არტ თერაპიული აქტივობები განახორციელა დღის ცენტრის აღსაზრდელებთან. ბავშვებმა პირველ ეტაპზე პლასტელინით გამოძერწეს სხვადასხვა ფიგურები და კედელი მოხატეს საღებავებით. არტ თერაპია მოიცავს შემდეგ შემოქმედებით აქტივობებს: ხატვა, ძერწვა, მუსიკა თერაპია, კორექციული ზღაპრები. არტ თერაპიული აქტივობები ბავშვებს შემოქმედებითი უნარების გაცნობიერების, განვითარების, თვითშეფასების ამაღლების, საკუთარი შეგრძნებებისა და ემოციების შესწავლის, მათი მართვის შესაძლებლობას აძლევს.

„საზოგადოება ბილიკის“ ფსიქოლოგმა ნონა ნადირაძემ კი სამ დღიანი ტრენინგების კურსი დაგეგმა და განახორციელა დღის ცენტრ „ბილიკის“ აღსაზრდელებთან თემებზე: კონფლიქტი ჩვენს ცხოვრებაში, კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები და მისი მოგვარების სტრატეგიები. მიზანი: ბავშვებმა შეძლონ კონფლიქტური სიტუაციის ამოცნობა და მისი ტიპის განსაზღვრა, კონფლიქტურ სიტუაციაში საკუთარი ქცევის სტრატეგიების გააზრება და მოქმედების ეფექტური უნარების გამომუშავება.

„საზოგადოება ბილიკის“ სოციალური მუშაკის გვანცა ნაზარაშვილისა და ჩეხი პრაქტიკნატის ლაურა შობროვას ერთობლივი აქტივობები ჩატარდა ხაშურის მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარებთან. გვანცამ და ლაურამ ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია გუნდური მუშაობის მნიშვნელობასა და მის ძირითად მიმართულებებზე. ორი საათის განმავლობაში ბავშვები ერთვებოდნენ ისეთ აქტივობებში, რომელიც მიმართული იყო გუნდის გაძლიერების, გამთლიანების და ერთმანეთის მიმართ ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნებისკენ. პროცესი ხალისიანად წარიმართა და ამასთანავე, ხელი შეუწყო ბავშვებში მნიშვნელოვანი გუნდური უნარების განვითარებას.