მრგვალი მაგიდა - პანელური დისკუსია
2022 წლის 6 დეკემბერს, ,,საზოგადოება ბილიკის“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENT-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა სლოვაკური ორგანიზაცია TENENT-ის წარმომადგენელმა მარსელა ჰაჯთმანკოვამ. მონაწილეებს მიესალმა სლოვაკეთის საელჩოს საქართველოში წარმომადგენელი ზუზანა პოლოსოვა და საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელენა კოფსოვამ, TENENT-ის ხელმძღვანელმა და პიტერ მესზაროსმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალურ საკითხთა და ოჯახის სამინისტროს აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენელმა მონაწილეებს სლოვაკეთში შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის და სოციალური საწარმოების მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.
„საზოგადოება ბილიკის“ ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა პროექტის მიმდინარეობის პრეზენტაცია წარადგინა. ხოლო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ველთაურმა დამსწრეებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამები გააცნო.
შეხვედრის მსვლელობისას ორი პანელური დისკუსია გაიმართა. პირველი შშმ პირების დასაქმების სფეროში არსებულ პრობლემებს, ბარიერებს და მათი მოგვარებისა და გადაჭრის საკითხებს შეეხო, ხოლო მეორე მუნიციპალიტეტებში არსებული შშმ პირთა საბჭოების მუშაობის გააქტიურებას.
შეხვედრის მსვლელობისას დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული შშმ პირთა უფლებათა დაცვის საკონსულტაციო საბჭოს, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სლოვაკეთის საელჩოს და მედიის წარმომადგენლებმა.