სკოლა-ბიზნესის ფორუმი
2023 წლის 25 იანვარს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სკოლა-ბიზნესის ფორუმი შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით.
ფორუმზე რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეთა მიერ შექმნილ 15 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავდა აქტუალური სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კომპანიებმა მოსწავლეებს აღუთქვეს მხარდაჭერა და შესთავაზეს სტაჟირების შესაძლებლობებიც.
სკოლა-ბიზნესის ფორუმი ჩატარდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა „საზოგადოება ბილიკი“.