გამოცდილების გაზიარება - სლოვაკეთი
როგორც ამბობენ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო! სლოვაკეთის სასწავლო ვიზიტის მონაწილეები, 6 რეგიონის მუნიციპალიტეტების, სახელმწიფო დასაქმების სააგენტოს, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წამომადგენლები ბევრ საინტერესო შეხვედრას დაესწრნენ.
მოინახულეს სარეაბილიტაციო ცენტრი დუბრავკაში, კაფე „როდნიჩკა“, სოციალური საწარმო „ვასკო“, ბანსკა ბისტრიცას რეგიონული განვითარების ცენტრი, გაეცნენ „მაკდონალდის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შშმ პირთა დასაქმების შესაძლებლობებს, გაესაუბრნენ ორგანიზატორებს და ბენეფიციარებს. საინტერესო შეხვედრები გაიმართა სლოვაკეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და ოჯახის სამინისტროში, სადაც სამინისტროს წარმომადგენლებმა გაგვაცნეს დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებები, პროგრამები და პროექტები, ასევე ისაუბრეს სლოვაკეთში სოციალური ეკონომიკის ეკოსისტემის განვითარებაზე. ვიზიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომისარს, ქალბატონი ევა სტავროვსკას და მისგან მოესმინათ კომისრის ამოცანების, პასუხისმგებლობისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. განსაკუთრებული შეხვედრა გაიმართა პარტნიორი ორგანიზაცია TENENET-ის ოფისში, რომელიც სლოვაკეთში ერთერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა და უამრავ პროექტს ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. კარგად დაგეგმილი და საინტერესო შეხვედრების პარალელურად ისტორიული ძეგლების და ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება/გაცნობის შესაძლებლობაც მოგვეცა. აღსანიშნავია რომ, სასწავლო ვიზიტის ყველა მონაწილემ თავისი საქმიანობისთვის საინტერესო ინფორმაცია წამოიღო სლოვაკეთიდან, რომელსაც დანერგავს, გააზიარებს მის საქმიანობაში.
„საზოგადოება ბილიკის“ წარმომადგენლებმა თვალნათლივ დავინახეთ ორგანიზაციის როლი, პერსპექტივები და მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს გააფართოვოს მისი საქმიანობა.